მუხლი 1
შპს “ ბურჯანაძე და პროფესიონალები”-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი იხილავს სამეწარმეო, საფინანსო, სხვა კატეგორიის ქონებრივ და სამოქალაქო დავებს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შორის.
1. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება მხარეთა მიერ. თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობასა და მათი დანიშვნის წესს, საქმის სირთულის გათვალისწინებით განსაზღვრავს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი თავისი დებულებით. მარტივ სამოქალაქო საქმეებზე ერთი არბიტრის შემადგენლობით, ხოლო რთულ სამოქალაქო საქმეებზე სამი არბიტრის შესამდგენლობით.
2. შპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები”-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის პარტნიორთა კრებისა და არბიტრაჟის თავმჯდომარის (დირექტორი) გადაწყვეტილებით საქართველოს ქალაქებში იქმნება წარმომადგენლობითი კოლეგიური საატრბიტრაჟო შემადგენლობები, რომლებიც მოქმედებენ შპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები”-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის სახელით, "კერძო არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. არბიტრაჟი - ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო,რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა;
2. არბიტრი - არბიტრაჟის წევრი;
3. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - შპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები”-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი;
4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე - მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი (დირექტორი);
5.კანონი - საქართველოს კანონი "კერძო არბიტრაჟის შესახებ";
6. მხარეები – პრეტენდენტი და მოპასუხე;
7. პრედენტენტი – პრეტენზიის, სარჩელის შემტანი მხარე, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
8. მტკიცებულება - ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულებას;
9. საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
10. დებულება – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულება.
მუხლი 3. დებულების ზოგადი ნაწილი
1. არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირებს შორის წამოჭრილ სამოქალაქო და სხვა დავებს, დებულებით დადგენილი წესების მიხედვით, თუ საარბირტაჟო განხილვის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (არბიტრაჟი) ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ჩატარების დროს.
2. დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს კანონით "კერძო არბიტრაჟის შესახებ" და ამ დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება.
3. მხარეთა შეთანხმება, რომელიც ადგენს დებულებით დადგენილი საქმის განხილვისა და სხვა საკითხების გადაწყვეტის განსხვავებულ წესს, არბიტრაჟისათვის სავალდებულოა. შეთანხმება საქმის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ მხარეებს შორის იდება წერილობით.
4. მხარეები საქმის წარმოებას იწყებენ მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, საარბიტრაჟო პრეტენზიის შეტანის გზით.
5. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით, საარბიტრაჟო პრეტენზიის ავტორს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, ხოლო მეორე მხარეს – ცნოს საარბიტრაჟო პრეტენზია.
6. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მხარეთა შორის მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების შესაბამისად, ამ დებულებით და კანონის "კერძო არბიტრაჟის შესახებ".
7. საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. მხარეებს, აგრეთვე არბიტრაჟს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის,სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე. რაიმე ზემოქმედება არბიტრაჟზე ან ჩარევა მის საქმიანობაში დაუშვებელია.
10. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
11. არბიტრაჟის სხდომები დახურულია, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
12. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
13. საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. Pპირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.
14. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით.
15. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის და აღსრულდება
მოქმედი სააღსრულებო კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დებულების და კანონის "კერძო არბიტრაჟის შესახებ" შესაბამისად.
16. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულებას.
17. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთახმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟის თავმჯდომარე.
მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება
1. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში დამფუძნებლებთან ერთად გაერთიანებული არიან არბიტრები ხელშეკრულების საფუძველზე.
2. არბიტრაჟის წევრად დაინიშნება საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გასცემს წერილობით თანხმობას. საქმის განმხილველი არბიტრაჟი შედგება სამი წევრისაგან, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის შემადგენლობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, არბიტრაჟი ნიშნავს კიდევ ერთ წევრს.
4. დამატებითი წევრის დანიშვნა ხდება მხარეთა შეთანხმებით 5 დღეში,ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მას ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5. თუ მხარე ან არბიტრაჟი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს არბიტრაჟის წევრს, მაშინ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრაჟის წევრს ნიშნავს სასამართლო 5 დღის ვადაში,რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. თუ არბიტრთა რიცხვი ერთზე მეტია, ერთ-ერთი მათგანი უნდა დაინიშნოს არბიტრაჟის თავმჯდომარედ, არბიტრაჟის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მხარის მიერ დანიშნული არბიტრი.
7. არბიტრაჟი თავის თავმჯომარეს ნიშნავს შექმნიდან ხუთი დღის ვადაში ან პირველსავე სხდომაზე, თუ მხარეთა მიერ სხვა რა არ არის დადგენილი. ხმების გაყოფის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარეს ნიშნავს მუდმივმქომედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
8. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მუდმივმქომედი არბიტრაჟის თავმჯდომარე იღებს განკარგულებას.
9. მხარეს უფლება არა აქვს შეცვალოს თავისი დანიშნული არბიტრი, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი შეთანხმებით.
10. არბიტრის შეცვლის შემთხვევაშიც ახალი არბიტრი ინიშნება იმავე წესით, როგორითაც შესაცვლელი არბიტრი.
11. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ ეს უკანასკნელი არის:
ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულ ქმედუნარიანი პირია;
ბ) მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის;
გ) არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას;
დ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სხდომის მდივნად;
ე) მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;
ვ) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს.
ზ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.
12. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
13. არბიტრაჟის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ პირები, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან, ხოლო თუ მათ შორის ასეთი ნათესავები მაინც აღმოჩნდნენ, ისინი უნდა ჩამოსცილდნენ დავის განხილვას.
14. მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განაცხადოს წერილობით ხუთი დღის ვადაში. სხვა შემთხვევაში აცილების საკითხს წყვეტს არბიტრაჟი, მხარეთა მოსმენის შემდეგ სათათბირო ოთახში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
15. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად არჩევს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი. აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს.
16. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრი შეიძლება გადაყენებული იქნეს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრაჟის მიერ ან მხარეთა შეთანხმებით.
17. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით.
18. განცხადება აცილების შესახებ დასაშვებია ზეპირადაც დებულების პირობების დაცვით, რაც შეიტანება საარბიტრაჟო სხდომის ოქმში.
მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება
1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.
2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და ხარჯები დავის განხილვისათვის, აგრეთვე არბიტრაჟის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებასთან დაკავშირებული ხარჯები.
3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
4. საარბიტრაჟო განხილვისათვის დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვისა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გასწიოს რაიმე ხარჯი.
5. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:
ა) შეგებებულ პრეტენზიაზე;
ბ) შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე;
გ) შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;
დ) საარბიტრაჟო საჩივარზე პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ;
6. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა ქონებრივ დავებზე დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 3,1% მდე. Mმე-5 პუნქტის გარდა გათვალისწინებულ საქმეებზე საარბიტრაჟო საჩივარის მოსაკრებელი შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 0,5%, მაგრამ არანაკლებ 200 ლარს.
7. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა იყოს 300 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებულ მნიშვნელოვან დავებზე დასაშვებია განისაზღვროს მე-6 პუნქტის მიხედვით დაწესებულ პროცენტის შესაბამისად.
8. დავის საგნის ფასს მიუთითებს პრეტენდენტი. თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
9. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ამ დროის არსებული საბაზრო ფასები, როდესაც შეტანილი იქნა საარბიტრაჟო პრეტენზია.
10. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება ყველა გარემოებისა და კონკრეტული მონაცემის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება საქმის მოცულობა, აგრეთვე მხარეთა ქონებრივი მდგომარება, მათი შემოსავალი.
11. თუ არაქონებრივ-სამართლებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
12. დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები:
ა) საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებით ხარჯები.
ბ) სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
გ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
დ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
ე) არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასათან დაკავშირებული ხარჯები;
13. დებულების მე-5 მუხლის 12 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მხარეები გაიღებენ თანაბრად, თუ საარბიტრაჟო ხელშეკრულებით სხვა რა არის დადგენილი.
14. ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.
15. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ნაწილობრივ გაანთავისუფლოს მხარე საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.
16. ერთი მხარის ნაწილობრივ განთავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდისაგან მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
17. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მისი ოდენობა.
18. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ პრეტენდენტმა უარი თქვა თავის საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, ხოლო მხარეთა მორიგების შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 1/3-მდე.
19. თუ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე უარის თქმა, საარბიტრაჟო პრეტენზიის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.
20. არბიტრაჟს (არბიტრს), რომელიც აწარმოებს ადგილზე დათვალიერებას, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.
21. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის
ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.
22. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანმხებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
მუხლი 6. საარბიტრაჟო – საპროცესო ვადები
1. საარბიტრაჟო - საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.
2. თუ საარბიტრაჟო - საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო- საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
3. საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს საარბიტრაჟო პრეტენზიის არბიტრაჟში წარდგენიდან 10 დღის ვადაში. თუ საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენისას არბიტრაჟის შემადგენლობა არ არის არჩეული, საარბიტრაჟო განხილვა უნდა დაიწყოს არბიტრაჟის ყველა წევრის დანიშვნიდან 5 დღის განმავლობაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადებთან დაკავშირებით არბიტრაჟი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VII თავის შესაბამისად.
5. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი მხარეთათვის შეუტყობინებლად.
6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.
მუხლი 7. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება
1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობით შეტყობინებით) აცნობებს მხარეს არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროსა და ადგილს.
2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.
3. საარბიტრაჟო შეტყობინება – დაბარების საკითხები მოწესრიგდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.
4. უწყებისა და გზავნილის სანიმუშო ფორმასა და შინაარსს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი. არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე შეცვალოს გზავნილის შინაარსი.
5. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება არბიტრაჟში (მუდმივმოქმედ არბიტრაჟში) მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი
განცხადება, დოკუმენტი, თხოვნა, ინფორმაცია – ასლის მიღებიდან შვიდი დღის ვადაში.
6. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ.
მუხლი 8. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებები
1. არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების პრეტენზიის (საჩივრის) და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.
2. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებებით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
3. პრეტენდენტს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო პრეტენზიის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს საპრეტენზიო მოთხოვნების ოდენობა.
4. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო პრეტენზიის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით, ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 3 დღისა.
5. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც პრეტენზიას საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.
6. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონით დადგენილი საფუძვლების შესაბამისად.
7. ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
8. ორგანიზაციის წარმოამდგენლობა დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთით.
9. ფიზიკური პირების წარმომადგენლობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.
10. თითოეული პრეტენდენტი ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
11. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონითა და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებებით.
12. თანამონაწილეებს შეუძლით საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება სამოქალაქო საპროცესო კანონის შესაბამისად ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
მუხლი 9. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
4. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები. არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებით მტკიცებულებები.
5. არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია ნებაყოფლობით გამოითხოვოს მტკიცებულებები, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. თუ მხარეებმა ამა თუ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟს (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს) მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა გამოთხოვის მიზნით.
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ.
8. არბიტრაჟი არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
9. მტკიცებულებათა მიუღებლობის, გამოთხოვაზე უარის თქმის ან საქმიდან მათი ამოღების შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება.
10. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
11. ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობისას ან არ არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
12. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან შემდეგი საფუძვლით:
ა) ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;
ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;
გ) ფაქტები,იმის შესახებ, ჰქონდა თუ რა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.
13. მტკიცებულებათა უზრუნვეყოფის საკითხებზე მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაწესებული ნორმები.
14. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ ზეპირი განცხადებით აღძრული შუამდგომლობა შეიტანება საარბიტრაჟო სხდომის ოქმში.
15. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ როგორც წერილობით,ისე ზეპირი ფორმით განცხადებულ შუამდგომლობაში უნდა აისახოს:
ა) მტკიცებულებანი,რომელთა უზრუნველყოფაც აუცილებელია;
ბ) გარემოებანი, რომელთა დასადასტურებლადაც საჭიროა ეს მტკიცებულებანი;
გ) მიზეზები, რომლებმაც აიძულა განმცხადებელი მიემართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ;
დ) მოწინააღმდეგე მხარის გვარი,სახელი და მისამართი;
16. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ არბიტრაჟი იღებს დადგენილებას,ხოლო მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე - განკარგულებას. ასეთი დადგენილების (განკარგულების) მიღებით საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.
17. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეულ ხარჯებს გადაიხდის პირი, რომელმაც იშუამდგომლა არბიტრაჟის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის) წინაშე ასეთი უზრუნველყოფის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მტკიცებულებათა უზრუნევლყოფაში მონაწილეობისათვის მიერ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ამ ხარჯების განაწილება მოხდება არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
მუხლი 10. ექსპერტიზის დანიშვნა
1. თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით არსებობს ან წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმარტებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს,არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით დანიშნოს ექსპერტიზა. Eქსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.
2. უარი ექსპერტიზის დანიშვნაზე უნდა დასაბუთდეს.
3. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხებზეა საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, ვინ დაინიშნა ექსპერტად და რა მასალები წარედგინა ექსპერტს გამოსაკლვევად. აუცილებლობის ან მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად არბიტრაჟი ნიშნავს რამდენიმე ექსპერტს.
4. ექსპერტების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ,თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება,წყვეტს არბიტრაჟი.
5. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი,რომელიც დაერთვის საქმეს.
6. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას, მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება არბიტრაჟის სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება,ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები.
7. ექსპერტის დასკვნა არბიტრაჟისათვის სავალდებული არ არის,თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. ექსპერტი მოქმედებს კანონის შესაბამისად.
9. არბიტრაჟის უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვტილებაში.
10. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.
11. თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.
12. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.
13. ექსპერტებს აუნაზღაურდებათ არბიტრაჟში გამოცხადებისათვის მგზავრობისა,საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური
თანხა, აგრეთვე არბიტრაჟის დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემათ ჰონორარი.
14. თუ ექსპერტის აზრით,არბიტრაჟის მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ არბიტრაჟს.
მუხლი 11. საარბიტრაჟო პრეტენზია და საარბიტრაჟო განხილვის წესები
1. ყველა საკითხი გადაწყდება და საპროცესო მოქმედებები ჩატარდება ამ დებულების საფუძველზე, ხოლო ნორმები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს დებულება გადაწყდება საქართველოს კანონით "კერძო არბიტრაჟის შესახებ" და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
2. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია.
3. საარბიტრაჟო პრეტენზია შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;
ბ) პრეტენდენტის გვარს,სახელსა და მისამართს,ხოლო თუ პრეტენდენტი იურიდიული პირია – მის სახელწოდებასა და მისამართს;
გ) წარმომადგენლის გვარს,სახელსა და მისამართს,თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვს წარმომადგენელს;
დ) მოპასუხის გვარს სახელსა და მისამართს,ხოლო თუ მოპასუხე იურიდიული პირია – მის სახელწოდებასა და მისამართს;
ე) პრეტენდენტის მოთხოვნას;
ვ) გარემოებებს,რომლებზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის მოთხოვნებს;
ზ) მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;
თ) საარბიტრაჟო პრეტენზიის ფასს, თუ შესაძლებელია მისი შეფასება;
ი) მითითებას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;
კ) არბიტრობის სასურველი კანდიდატის (კანდიდატთა გვარს, მისამართსა და სხვა მონაცემებს,თუ არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს პრეტენდენტი;
ლ) თუ პრეტენდენტი არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის უფლებას გადასცემს სხვა პირს,მითითებას ამის თაობაზე და ამ პირის რეკვიზიტებს. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შეთანხმებას თან უნდა ერთვოდეს არბიტრის
(არბიტრების) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის "კ" ქვეპუნქტში აღნიშნულ მონაცემებს;
მ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ნ) საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის დართული საბუთების ნუსხას;
ო) მითითებას იმის შესახებ,რომ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ამ მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ ან სასამართლოს წარმოებაში საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
4. საარბიტრაჟო პრეტენზიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს საარბიტრაჟო შეთანხმება.
5. საარბიტრაჟო პრეტენზიაში შეიძლება იყოს აგრეთვე პრეტენდენტის მოთხოვნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი,რათა მან:
ა) დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა,რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის საპრეტენზიო მოთხოვნას;
ბ) გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაიბაროს მოწმეები;
გ) მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მიმართოს სასამართლოს.
6. საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს იმდენი ასლით,რამდენიც მოპასუხეა.
7. თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეტანილია ამ მუხლში მითითებული მოთხოვნების დარღვევით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი (ის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას და პრეტენდენტს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, პრეტენზია შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება პრეტენდენტს.
8. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ვალდებულია პრეტენზიის ჩაბარებიდან 3 დღის განმავლობაში თავისი განკარგულებით მიიღოს იგი წარმოებაში ან უარი თქვას მის მიღებაზე.
9. მიღებული საარბიტრაჟო პრეტენზია თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს სამი დღის ვადაში.
10. დავის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე მოპასუხეს:
ა) გადაუგზავნის პრეტენზიას და თანდართული საბუთების ასლებს;
ბ) დაუნიშნავს ვადას წერილობით შეადგინოს და წარმოადგინოს თავისი პასუხი პრეტენზიასა და მასში დასმულ საკითხებზე,აგრეთვე თავისი მოსაზრებები პრეტენზიაზე დართული საბუთების შესახებ;
გ) მისცემს წინადადებას,დანიშნოს არბიტრი.
11. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
ა) ცნობს თუ არა მოპასუხე პრეტენზიას;
ბ) თუ პრეტენზიას არ ცნობს,რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი პრეტენზიის წინააღმდეგ;
გ) რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემობები;
დ) რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე პრეტენზიისაგან თავის დაცვას, ხომ არ აპირებს შეგებებული პრეტენზიის აღძვრას, ხომ არ უარყოფს პრეტენზიის დასაშვებობას და ა.შ.
ე) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილეებად ან მესამე პირებად;
ვ) რომელი მოწმე უნდა იქნეს გამოძახებული არბიტრაჟის სხდომაზე;
ზ) სხვა საკითხებს, რასაც მნიშვნელობა აქვს საარბიტრაჟო წარმოებისათვის.
12. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო პრეტენზიის ასლი ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას პრეტენდენტის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია პირვანდელ პრეტენზიასთან ერთად განსახილვევად.
13. ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია საარბიტრაჟო პაექრობის დაწყებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.
14. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
15. მოპასუხის წერილობითი პასუხისა და მასზე დართული საბუთების ასლები უნდა გადაეგზავნოს პრეტენდენტს.
16. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე მოპასუხის წერილობითი პასუხის თაობაზე თავისი მოსაზრებები წარმოადგინოს წერილობით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარის მიერ დანიშნულ ვადაში.
17. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი არ მიიღებს საარბიტრაჟო პრეტენზიას (საჩივარს), თუ:
ა) არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;
ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ამ მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
გ) მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების თაობაზეც მხარეები არ შეთანხმებულან ან დარღვეულია გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებული 30 დღიანი ამ მხარეთა მიერ დადგენილი ვადა.
დ) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ე) საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;
ვ) პრეტენზია შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
ზ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
18. პრეტენზიის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე გამოიტანს დასაბუთებულ განკარგულებას.
მუხლი 12. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია
1. მუდმივმქომედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ პრეტენზიას,თუ:
ა) შეგებებული პრეტენზიის მოთხოვნა მიმართული პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული პრეტენზიის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი პრეტენზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ პრეტენზიასა და პირვანდელ პრეტენზიას შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორედ გადაწყდება.
2. პირვანდელი და შეგებებული პრეტენზიის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.
3. საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული პრეტენზია.
მუხლი 13. პრეტენზიის უზრუნველყოფა
1. პრეტენდენტს შეუძლია მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს ან საქმის განმხილველ არბიტრაჟს განცხადებით პრეტენზიის უზურნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს
გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია პრეტენდენტს საჭიროდ.
2. პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შეადგენს 3 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.
3. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ არბიტრაჟს შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს აღსრულება ან გააუქმოს უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები.
4. პრეტენზიის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება ხდება დაუყონებლივ.
5. საკითხს იმის შესახებ, თუ პრეტენზიის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული, წყვეტს მუდმივმქომედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან კოლეგიური არბიტრაჟი.
6. პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს კანონით დადგენილი ღონისძიებები.
7. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს ან არბიტრაჟს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელი პრეტენზიის უზრუნველყოფისათვის. Aაუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს პრეტენზიის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.
8. მუდმივმქომედი არბიტრაჟის თავმჯდოამრეს ან არბიტრაჟს შეუძლია მოსთხოვოს პრეტენდენტს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
მუხლი 14. საქმის მომზადება მთავარ სხდომაზე განსახილველად
1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმე ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის კოლეგიის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის კოლეგიის თავმჯდომარე.
2. საქმის საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების მიზნით მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (არბიტრაჟის) თავმჯდომარე მიმართავს კანონით და დებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
3. არბიტრაჟს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია:
ა) დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;
ბ) გამოითხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;
გ) განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს;
დ) ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;
ე) მოახდინოს პრეტენზიის უზრუნველყოფა;
ვ) გადაწყვიტოს სპეციალისტის მოწვევის საკითხი;
ზ) დაიბაროს მოწმეები,სპეციალისტები საარბიტრაჟო სხდომის დღისათვის.
თ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია სხვა მოქმედებების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე განსახილვევლად საქმის მომზადებას.
4. მოსამზადებელ სხდომას ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე,ხოლო თუ არბიტრაჟი დანიშნულია სრული შემადგენლობით, არბიტრაჟის თავმჯდომარე.
5. მთავარ სხდომას ნიშნავს არბიტრაჟი დადგენილებით.
6. თუ მოსამზადებელ სხდომაზე არბიტრაჟი საქმეს საკმაოდ მომზადებულად მიიჩნევს და მხარეებს დამატებით არაფერი აქვთ წარმოსადგენი, არბიტრაჟს შეუძლია ეს სხდომა გადააქციოს მთავარ სხდომად და არსებითად განიხილოს საარბიტრაჟო პრეტენზია.
7. თუ მოსამზადებელ სხდომაზე პრეტენდენტი უარს იტყვის პრეტენზიაზე, ან მხარეები მორიგდებიან, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
8. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს პრეტენზიას, არბიტრაჟი გამოიტანს გადაწყვეტილებას პრეტენზიის დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 15. არბიტრაჟის მთავარი სხდომა
1. არბიტრაჟის (კოლეგიის) თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და ხურავს საარბიტრაჟო სხდომას.
2. მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე საარბიტრაჟო სხდომის დარბაზში მყოფი ყველა პირი, ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესრიგი და უსიტყვოდ დაემორჩილოს არბიტრაჟის განკარგულებას.
3. თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივანს და განუმარტავს მხარეებს აცილების უფლების შესახებ.
4. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა და სხვა საკითხები შეიძლება დააკმაყოფილოს არბიტრაჟმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული საარბიტრაჟო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.
5. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს.
6. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის შესახებ თავმჯდომარის მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მასალებს, ხოლო თუ ამ საქმეზე ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, მაშინ - ამ სხდომის მასალებსა და ოქმს.
7. თავმჯდომარის მიერ საქმის მოხსენების შემდეგ იწყება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენა.
8. პირველად არბიტრაჟი მოისმენს პრეტენდენტისა მის მხარეზე მონაწილე პირთა ახსნა- განმარტებებს, კერძოდ,როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა,რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს და უარს ხომ არ ამბობს პრეტენზიაზე,ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა.
9. შემდეგ არბიტრაჟი მოისმენს მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებას. არბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგ მხარეს და მის წარმომადგენლს. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა,შეკითხვის შეუსაბამოდ ან აუდგილოდ მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრაჟს.
10. არბიტრაჟის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მხარეებს მისცენ შეკითხვები.
11. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობს არბიტრაჟი. იგი ხსნის, წარმართავს და წყვეტს შეჯიბერბას, სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას. იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.
12. არბიტრაჟი იღებს დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს
ან არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და თუ შესაძლებელია – შესვენების გარეშე.
13. მხარეთა და სხვა პირთა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ არბიტრაჟი შეუდგება წარმოდგენილ მტკიცებულებათა შემოწმება-გამოკვლევას, რაც წარმოებს დებულებით დადგენილი წესით.
14. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვისა და შემოწმების შემდგე არბიტრაჟი ეკითხება მხარეებსა და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაუმატონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა.
15. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.
16. პირველად გამოდიან პრეტენდენტი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ – მოპასუხე და მისი წარმომადგენელი. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნის მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.
17. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რითაც საარბიტრაჟო განხილვა მთავრდება.
მუხლი 16. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 30 დღის ვადაში, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა გამოიცეს საპროცესო კანონდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გადაწყვეტილების დადგენილებითი (სარეზოლუციო) ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნას დაკმაყოფილების ან პრეტენზიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში.
5. არბიტრაჟის გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
6. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ არბიტრაჟში იგივე საპრეტენზიო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
7. სანოტარო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სხვა კერძო არბიტრაჟის მიერ გადასინჯვის შესახებ.
8. მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არის დასაშვები მისი იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცელს (წარწერას) გასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.
მუხლი 17. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.
1. არბიტრაჟი, დებულებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ:
ა) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იამევ მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ამ მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
ბ) პრეტენდენტმა უარი თქვა პრეტენზიაზე;
გ) მხარეები მორიგდნენ;
დ) საქმის ერთ-ერთ მხარედ მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა;
2. საქმეზე წარმოება შეწყდება არბიტრაჟის გადაწყვეტილებით.
3. მხარეებს შეუძლიათ მორიგდნენ არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. მხარეთა მორიგების შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს მხარეთა შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მუხლი 18. პრეტენზიის განუხილვევად დატოვება.
1. არბიტრაჟი, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილვევლად დატოვებს პრეტენზიას, თუ:
ა) პრეტენზია დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
ბ) საარბიტრაჟო სხდომაზე პრეტენდენტი არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა პრეტენზიის განუხილველად დატოვებისა;
გ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
2. პრეტენზიის განუხილვევად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება.
3. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო პრეტენზიის განუხილვევად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს საერთო წესის დაცვით.
მუხლი 19. საქმის წარმოების გადადება და შეჩერება
1. აუცილებლობის შემთხვევაში არბიტრაჟი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე) უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა, არა უმეტეს ერთი თვით.
2. საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.
მუხლი 20. საარბიტრაჟო ოქმი
1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი.
2. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესა მოქმედების ძირითად მომენტებს. ოქმს ადგენს მდივანი თვით საარბიტრაჟო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.
3. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით საქმისათვის არსებითი მნიშველობა აქვთ.
4. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილ უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
5. ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა – ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.
6. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში.
7. დასაშვებია, რომ ოქმს გაეცნონ მხარეები და მოაწერონ ხელი პროცესის დამთავრებისთანავე.
მუხლი 21. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას.
ბ) დარღვეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით დადგენილი წესები.
გ) საქმესთან დაკავშირებით არბიტრაჟის წევრმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით,გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამას ზეგავლენა არ მოუხდენია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე.
2. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. რაიონული (ქალაქის) სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ამან შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხარეს.
მუხლი 22. დებულების ამოქმედება
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის დებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვახტანგ ბურჯანაძე
შპს “ბურჯანაძე და პროფესიონალები”-ს
მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის
დამფუძნებელი დირექტორი: